პარიზი-2024-ის ათლეტთა კვოტებზე და პროგრამაზე IOC-ის აღმასკომი დეკემბერში იმსჯელებს

11 ივნისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური გვერდის ცნობით, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს ვირტუალური შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამა და ათლეტთა კვოტები ადრე დადგენილი ვადის თანახმად,  2020 წლის დეკემბერში დადასტურდეს.

გარდა ამისა, IOC-ის წარმომადგენელი კრისტიან კლაუე იტყობინება, რომ პარიზის თამაშებზე ათლეტთა საერთო კვოტა 10,5 ათასამდე შემცირდება ( 2021 წლისთვის გადავადებულ ტოკიოს თამაშებზე 11 ათასზე მეტი სპორტსმენი წარსდგება).

„IOC-ის აღმასრულებელი საბჭო პარიზის თამაშებისთვის სპორტის ახალი სახეობებისთვის და პროგრამის ახალი დისციპლინებისთვის ახალ პრინციპებს ადგენს. ეს არის:  ათლეტთა საერთო კვოტის 10,5 ათასამდე შემცირება; პროგრამის ოლიმპიურ სახეობებში და დისციპლინებში, სადაც ეს შესაძლებელია, ქალების და კაცების თანაბარი რაოდენობის უზრუნველყოფა; პროგრამის ახალი სახეობების ჩართვა  მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ ჩასატარებლად ადგილები არსებობს," - განმარტავს კლაუე.

საგულისხმოა, რომ აღმასრულებელი საბჭოს სხდომამდე IOC-ს პარიზის თამაშების პროგრამაში ცვლილებების შეტანის თხოვნით ოცმა ოლიმპიურმა ფედერაციამ მიმართა, რომელთა განხილვაც დეკემბერში გაიმართება. იმავე სხდომაზე ასევე განიხილავენ პარიზი-2024-ის პროგრამაში ბრეიქდანსის, სკეიტბორდინგის, მეკლდეურობის და სერფინგის ჩართვის საკითხს.