IOC ხუთი ახალი წევრის მისაღებად ემზადება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ IOC-ის წევრობისთვის ხუთი კანდიდატურა წარდგინა: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი შუბის ტყორცნაში, კუბელი მარია დე ლა კარიდად კოლონი, საუდის არაბეთის პრინცესა რიმა ბანდარ ალ-საუდი, მონღოლეთის ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ბატუშიგ ბატბოლდი და მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე.
ახალი წევრების მისაღებად არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 17 ივლისს, IOC-ის სესიაზე.
IOC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კანდიდატთა შორის სამი ქალბატონის ყოფნა სპორტში გენდერული თანასწორობის პროექტის განხორციელების ერთ-ერთი მანიშნებელია. პროექტის თანახმად, 2020 წელს მიზნად არის დასახული გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობის 30 პროცენტამდე გაზრდა. რაც შეეხება IOC-ის სხვადასხვა კომისიებს, აქ ქალთა წარმომადგენლობა გენდერულად თითქმის გათანაბრებულია და 47,7 პროცენტს შეადგენს.