იაპონიაში აცხადებენ, რომ ტოკიო-2020-ის ჩატარება კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე არ არის დამოკიდებული

13 ივნისი 2020

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იოსიჰიდე სუგას განცხადებით, 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება დამოკიდებული არ არის ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაზე.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თამაშების ჩასატარებლად ვაქცინის შემუშავების პირობას არ აყენებენ," - განაცხადა იოსიჰიდე სუგამ. ამასთან დასძინა, რომ პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ პირობებთან დასაბრუნებლად ვაქცინის როლი უდაოდ მნიშვნელოვანია.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოფიციალურად გამოვიდა ოლიმპიური თამაშების გამარტივებული ფორმატით ჩატარების წინადადებით. გეგმის თანახმად, ოლიმპიადის ორგანიზება მოხდება სამი საბაზო პრინციპის საფუძველზე - უსაფრთხო გარემო, ხარჯების მინიმიზაცია და თამაშების გამარტივებული ფორმით ჩატარება, რამაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.