ტოკიო-2020: პრობლემები და იმედები

14 ივნისი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ინტენსიურ  მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ოლიმპიური ობიექტების 2021 წლისთვის გამოყენების თაობაზე. როგორც ირკვევა, ამ ობიექტების 80 პროცენტი, რომელთა გამოყენება 2020 წელს იგეგმებოდა, 2021 წელსაც საორგანიზაციო კომიტეტის განკარგულებაში ქნება. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება რამდენიმე ობიექტის, მათ შორის -  ოლიმპიური სოფლისთვის გათვალისწინებული საცხოვრებელი კომპლექსის ბედი, სადაც ბინების უმეტესობა უკვე გაყიდულია, ასევე თამაშების მთავარი პრეს-ცენტრისთვის გამოყოფილი შენობა - Tokyo Big Sight.

ამ და მრავალი სხვა ობიექტური ფაქტორების გამო, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით,  მნიშვნელოვნად იზრდება ერთი წლით გადადებული ოლიმპიური თამაშების ხარჯები. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად 800 მილიონ დოლარს გამოყოფს, საიდანაც 650 მილიონი სწორედ თამაშების გადავადებით გამოწვეულ ხარჯებს მოხმარდება.  

პარალელურად, უნდა დარეგულირდეს ტოკიოს ოლიმპიადის სპონსორებთან ურთიერთობაც. სპონსორთა ორი მესამედი ჯერაც გაურკვეველობაშია და არ იცის, უღირთ თუ არა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადავადებული თამაშებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება. კერძოდ, კომპანიათა ერთ ნაწილს ის აღელვებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა შეიძლება დააზარალოს  მათი სარეკლამო საქმიანობა, რადგან სასურველი მასშტაბებით ვერ მოიცავენ მაყურებელს და გულშემატკივარს. ასევე აღელვებთ თამაშების გაუქმების შესაძლებლობა, თუმცა, იმედია, საქმე გაუქმებამდე არ მივა და ტოკიოს ოლიმპიადა  პანდემიაზე კაცობრიობის გამარჯვების ერთგვარ სიმბოლოდაც იქცევა.