ტოკიოს გუბერნატორი უსაფრთხო ოლიმპიურ თამაშებში გვარწმუნებს

14 ივნისი 2020

ტოკიოს გუბერნატორი იურიკო კოიკე ირწმუნება, რომ გაისად გასამართი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო იქნება.

გუბერნატორის განცხადებით, ძალ-ღონეს არ დაიშურებენ ვირუსთან ბრძოლისთვის, რათა თამაშები უსაფრთხოდ ჩატარდეს იაპონელი თუ უცხოელი ათლეტებისთვის და გულშემატკივრებისთვის.

„ტოკიოს მოქალაქეებმა იციან, რომ თამაშების ჩასატარებლად აუცილებელი იქნება კორონავირუსის მოქმედების შესუსტება. რომელი ტესტებია აუცილებელი, როგორ უნდა ჩავატაროთ? როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცია? ეს ყოველივე მომავალ მსჯელობებზე გადაწყდება" - აღნიშნავს იურიკო კოიკე და იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე დებატების ერთ-ერთი უმთავრესი თემა ხარჯების შემცირებაა.