კორონავირუსის პანდემიის პირობებში ათლეტთა 50 პროცენტი მოტივაციის ნაკლებობას უჩივის

15 ივნისი 2020

Athlete 365-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვარჯიშის მოტივაციის ნაკლებობას ათლეტთა 50 პროცენტი განიცდის.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 135 ქვეყნის 4 089 წარმომადგენელმა, რომელთა შორის 80 პროცენტს შეადგენდნენ ათლეტები, 13 პროცენტს -  მათი გარემოცვა, ხოლო 7 პროცენტს ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები.

რესპოდენტთა ნახევარი მიუთითებს, რომ სავარჯიშოდ მოტივირება უჭირთ, 56 პროცენტი კი ამბობს, რომ  ეფექტურად ვერ ვარჯიშობს. გარდა ამისა, 32 პროცენტი გამოწვევად ასახელებს ფსიქიკურ პრობლემებს და სპორტული კარიერის მართვას, ხოლო 30 პროცენტი პრობლემას დიეტის დაცვაში ხედავს.

გამოკითხულთა 29 პროცენტი სპორტსმენთა ფართო საზოგადოებიდან იზოლაციით გამოწვეულ სირთულეებზე მიუთითებს. 27 პროცენტის განცხადებით, ისინი სირთულეს ფინანსური სახსრების მოძიებაში ხედავენ.

ათლეტთა გარემოცვის წარმომადგენელთა 63 პროცენტი უკმაყოფილო იმით არის, რომ მათ სპორტსმენთა მოტივირება უჭირთ, 56 პროცენტისთვის სირთულე ვარჯიშის გეგმის შედგენაა, 48 პროცენტისთვის კი სპორტსმენებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმოჩნდა რთული.