ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი თამაშებისთვის მზადების აქტიურ ფაზაში გადავიდა

19 ივნისი 2020

გაიმართა ვებინარი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა  და ტოკიო 2020-ის  საორგანიზაციო კომიტეტს შორის. სეოკ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან აფციაური, ტოკიო-2020-ის მხრიდან - რეგიონალური კოორდინატორი აკიჩიკა ტანიგუში. მხარეებმა  ერთმანეთს  გაუზიარეს ინფორმაცია ქართველ ოლიმპიელთა მზადებისა და ტოკიოს  თამაშების ორგანიზატორთა უახლესი გეგმების შესახებ. ითქვა, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდი აქამდე სახლის პირობებში ვარჯიშობდა, მალე კი სრულფასოვან საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება.

 საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად,  ტოკიო ინტენსიურად ემზადება 2021 წლისთვის გადავადებული ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ. ამჟამად 300-მდე  სხვადასხვა კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები  კონტრაქტების გასაფორმებლად, ასევე  ადრინდელი კონტრაქტების განსაახლებლად.  უკვე გარკვეულია, რომ საშეჯიბრო არენების 80 პროცენტი კვლავ ტოკიო-2020-ის განკარგულებაში რჩება, დანარჩენი ოლიმპიური ობიექტების საკითხი კი ამჟამად განხილვის ფაზაშია.

რეგიონალური კოორდინატორის თქმით,  ერთ თვეში   გამოქვეყნდება   ოლიმპიადის ახალ საშეჯიბრო განრიგი, ხოლო ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდება ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელთა ელექტრონული სემინარი, სადაც დეტალურად განიხილება მნიშვნელოვანი საორგანიზაციო  საკითხები.