IOC, გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

25 ივნისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC), გაერომ (UN) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მოსახლეობაში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ერთობლივი პროექტის წამოიწყეს და მას ჰეშტეგი #HEALTHYTogether დაურთეს.

სლოგანი „ჯანმრთელობა ერთად" აერთიანებს IOC-ის პარტნიორებს და ათლეტებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ და მის უარყოფით გავლენასთან საბრძოლველად.

„სპორტს არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ბოლო თვეებმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ფიზიკური აქტივობა. ამ მიმართულებით WHO-თან და გაეროსთან ერთად შეგვეძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა.

COVID-19-ის პანდემიამ დედამიწის ყველა კუთხეზე იქონია გავლენა, შეცვალა ცხოვრების ჩვეული დინება. მოიტანა შიში და პრობლემები, რომელთა გადასალახად აუცილებელია მოთმინება და ურყეობა. კრიზისიდან გამოსასვლელად მსოფლიოს გადამოწმებული ინფორმაცია სჭირდება სანდო წყაროებიდან. სწორედ ასეთები არიან ოლიმპიელები," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

უახლოესი კვირების განმავლობაში ოლიმპიელი ათლეტები სოციალური ქსელით თავიანთ გამომწერებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მოუყვებიან, შთააგონებენ კორონავირუსთან ბრძოლას.

„საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად გავავრცელებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს. ათლეტები დედამიწის მოსახლეობას მოუყვებიან, როგორ იყვნენ უფრო მედეგნი, რაც ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლაში დაეხმარება," - პროექტის მიზანზე ამახვილებს ყურადღებას WHO-ს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ოლიმპიური მოძრაობა და სპორტსმენები კაცობრიობის კეთილდღეობისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ. მისი თქმით, გაერო სიამოვნებით თანამშრომლობს IOC-თან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. გეტერეში სირთულეების გადასალახად ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.