მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2020 წლის დეკემბერში ბელგრადში გაიმართება

07 ივლისი 2020

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) აღმასრულებელმა კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა საერთაშორისო კალენდარში. მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა შეჯბრება გაუქმებულია. 2020 წლის მთავარი სტარტი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 12-20 დეკემბერს ბელგრადში უნდა გაიმართოს. ამავე პერიოდში სერბეთის დედაქალაქში ჩატარდება მსოფლიოს პირველობა იუნიორ მოჭიდავეთა შორის.

წლევანდელ სპორტულ კალენდარში მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადების გამო, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გეგმა შეცვალა.

მოჭიდავეთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს შარშან სექტემბერში ნურსულთანმა (ყაზახეთი) უმასპინძლა. იქ დიდი წარმატებით გამოვიდნენ ქართველი ფალავნები. მათ ოქროს 4 და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში - ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე.