გაერომ ოლიმპიური ზავის თარიღი დაადგინა

08 ივლისი 2020

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებით, ოლიმპიური ზავი იმოქმედებს 2021 წლის 16 ივლისიდან 12 სექტემბრამდე. ოლიმპიური ზავის ახალი თარიღის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც თამაშები ერთი წლით გადავადდა და ახალი განრიგის მიხედვით, გაისად 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.

„მსოფლიოს სახელმწიფოების მხარდაჭერის წყალობით, ნათლად იკვეთება გამაერთიანებელი ძალა ოლიმპიური თამაშებისა, რომელიც კაცობრიობის ერთობის დღესასწაულია მისი მთელი მრავალფეროვნებით. 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის სპორტსმენები სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით, პატივს სცემენ ერთმანეთს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გაეროს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოახლოებული ოლიმპიური თამაშები იქნება შუქი იმ ბნელი გვირაბის ბოლოს, რომელსაც ამჟამად გადის კაცობრიობა," - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ოლიმპიური ზავის ტრადიცია ჩაისახა ძველ საბერძნეთში, ძვ. წ. VIII  საუკუნეში. 1992 წელს  ოლიმპიური ზავის აღდგენის  წინადადებით გამოვიდა IOC. ერთი წლის შემდეგ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა გაერომ, რომელმაც მიიღო შესაბამისი რეზოლუცია 48/1. მას შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ზაფხულისა და ზამთრის თამაშების დაწყებამდე, ორგანიზატორი ქვეყნების ინიციატივით, გაერო აცხადებს ოლიმპიური ზავის თარიღს.