ვუოკატი-2021-მა ახალგაზრდა ელჩების პროგრამა აამოქმედა

12 ივლისი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) 2021 წლის ევროპის ზამთრის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ამოქმედებას შეუდგა. კანდიდატთა მიღება უკვე დაიწყო და ზუსტად ერთ თვეს გაგრძელდება.

EOC  შეარჩევს 18-დან 25 წლამდე ასაკის 50 ახალგაზრდას  იმათი რიგებიდან, ვისაც ადრე  მონაწილეობა მიუღია ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებში ან  დაინტერესებულია ოლიმპიური მოძრაობით. ელჩობის კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, უნდა იყოს აქტიური და კომუნიკაბელური,  შეეძლოს როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობა.

ახალგაზრდული ფესტივალის ელჩების ძირითადი მოვალეობა იქნება ოლიმპიელებისთვის გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, წამოჭრილი პრობლემების მოგვარება, მედიასთან ურთიერთობაში დახმარება, ფესტივალის სოციალური ქსელის მართვა.

2021 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი გაისად, 6-13 თებერვალს  ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიდან 600 კილომეტრის დაშორებით, ვუოკატის სათხილამურო კურორტზე გაიმართება. 48 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენები მედლებს გაითამაშებენ სპორტის 7 სახეობაში: სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი შორტ-ტრეკი და სნოუბორდი.

აღსანიშნავია, რომ ვუოკატიმ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2001 წელსაც უმასპინძლა.