ბეისბოლის და სოფტბოლის კონფედერაციამ ბინა ლოზანაში დაიდო

12 ივლისი 2020

ლოზანის გარეუბანში ბეისბოლის და სოფტბოლის კონფედერაციის (WBSC) შტაბ-ბინა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ WBSC-ს ხელმძღვანელი რიკარდო ფრაკარი, ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ASOIF) პრეზიდენტი ფრანჩესკო რიჩი ბიტი, IOC-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დე კეპერი და ორგანიზაციის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი.

„WBSC-ს შტაბ-ბინა შთამბეჭდავია. შთამბეჭდავი არა სიდიადით, არამედ მისი ელეგანტურობით და  ფუნქციური სტილით. აგებულია გარემოზე ზრუნვით. მინდა მივულოცო ბეისბოლის და სოფტბოლის კონფედერაციას არა მარტო ახალი შტაბ-ბინის გახსნა, არამედ სპორტის წარმატებით განვითარება," - განაცხადა თომას ბახმა.

WBSC ძველი ოფისი მდებარეობდა IOC მონაწილეობით 2006 წელს გახსნილ სპორტის საერთაშორისო სახლში, რომლის ჭერქვეშაც განთავსებულია ოცდაათამდე საერთაშორისო ფედერაცია და პროფილური ორგანიზაცია.

„ლოზანაში შტაბ-ბინის გახსნის წყალობით ჩვენი სახეობა ყოველთვის იქნება ოლიმპიური მოძრაობის ცენტრში, - აღნიშნავს რიკარდო ფრაკარი. - WBSC-ს პრიორიტეტული ამოცანაა, იყოს ოლიმპიური თამაშების მუდმივი წევრი. ახლა ჩვენ სწორედ ამაზე ვართ მომართული. შევეცდებით, ხელი შევუწყოთ ტოკიოში წარმატებულ ასპარეზობებს."