ნაბიჯი მომავლისკენ

03 ივლისი 2012

შარშანწინ ნოემბერში ევროპის ოლიმპური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეამ ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო, რომელშიც 49 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების შესახებ.

23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული დაიწყო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით "თბილისი 2015-ის" საორგანიზაციო კომიტეტმა და თბილისის მერიამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ახალი ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია მოაწყო. ‘ნაბიჯი მომავლისკენ~ - ასეთია თბილისის ფესტივალის სლოგანი.

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მიმართეს, რის შემდეგაც ფესტივალის საპატიო ელჩები, ოლიმპიური ჩემპიონები - დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, რობერტ შავლაყაძე, ვაჟა კაჭარავა, მზია ჯუღელი, მანუჩარ კვირკველია, ქეთევან ლოსაბერიძე, კახი კახიაშვილი, დავით ხახალეიშვილი, რომან რურუა) წარადგინეს და საპატიო სიგელები გადასცეს. მოგვიანებით, "დუეტმა ჯორჯიამ" ფესტივალის ჰიმნი შეასრულა.

პრეზენტაციის დასასრულს, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონი მოეწყო. მარათონში 2015 წლის ფესტივალში მონაწილე 9 სახეობის სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებმა იასპარეზეს, რომელთაც საჩუქრად სიგელები და "თბილისი 2015-ის" მაისურები გადაეცათ.
"ვფიქრობ, "თბილისი 2015"-ის ლოგოს კონკურსმა საინტერესოდ ჩაიარა და საუკეთესო ლოგო შეირჩა. დღეს პირველი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომლითაც ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულმა ფესტივალმა ფაქტობრივად სტარტი აიღო და მინდა, დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო"- თქვა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.

"უპირველესყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს, რაც ჩვენი სპორტსმენების პროფესიულ ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა ჩვენ მხოლოდ მონაწილეობით არ დავკმაყოფილდებით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ" - ეს კი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას სიტყვებია.