დაკარის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 2026 წლისთვის გადავადდა

16 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC-მა და სენეგალის მთავრობამ 2022 წლის დაკარის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 2026 წლისთვის გადავადება გადაწყვიტეს. ახალგაზრდული თამაშების გადატანის მიზეზი გახდა COVID-19.

 „სენეგალმა და IOC-მა 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 2026 წლისთვის გადატანა გადაწყვიტეს. ჩემთან საუბარში ამგვარი წინადადება წამოაყენა  სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალმა. ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. გადავადება სენეგალს თამაშებისთვის მშვიდად მომზადების საშუალებას მისცემს. IOC და სენეგალი თამაშების წარმატებით ჩატარებაში დარწმუნებულნი არიან," - IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს დისტანციური სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.

ახალგაზრდული თამაშების გადატანა 17 ივლისს, IOC-ის სესიაზე უნდა დამტკიცდეს.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები აფრიკის კონტინენტისთვის პირველი ასეთი ასპარეზობა იქნება. ამასთან, 2018 წელს სენეგალი 2022 წლის თამაშების მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატი იყო.