რიჩარდ პაუნდის მოსაზრებით, თუ ტოკიოს თამაშები ვერ ჩატარდა, იგივე ბედი შეიძლება გაიზიაროს პეკინი-2022-მა

16 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გავლენიანი წევრი, კანადელი რიჩარდ პაუნდი მიიჩნევს, რომ 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების შემთხვევაში, შეიძლება 2022 წელს არ ჩატარდეს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც.

„თუ მომავალი წლის ივლისში ან აგვისტოში კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები ტოკიოში კვლავაც იარსებებს, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ხუთ თვეში პლანეტის ამავე რეგიონზე მას უარყოფითი გავლენა არ ექნება," - აცხადებს რიჩარდ პაუნდი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წლეულს 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის შედეგად იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.

გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

რაც შეეხება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, კალენდარს ცვლილებები არ შეხებია და კვლავაც 4-20 თებერვალია ჩანიშნული.