თომას ბახი მზად არის IOC-ს მეორე ვადით უხელმძღვანელოს

18 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მეცხრე პრეზიდენტი თომას ბახი მზად არის უახლოეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს IOC-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, რომელიც უკვე 124 წელს ითვლის, პირველად არის, რომ IOC-ის უმთავრესი სხდომა, ამ შემთხვევაში კი 136-ე სესია, ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართა. ამის მიზეზი კი COVID-19-ის პანდემიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიო სპორტზეც იქონია.

თომას ბახმა ვიდეო-სესიაზე ორგანიზაციის წევრებს მიმართა, რომ თუ მათი სურვილი იქნება, მაშინ ის მზად არის მეორე ვადით უხელმძღვანელოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს:  „თუ თქვენ, IOC-ის წევრებს გინდათ, მაშინ მე მზად ვარ IOC-ის პრეზიდენტად მეორე ვადით ვიმუშაო და გავაგრძელო თქვენი და ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში ყოფნა კიდევ ოთხი წლით. ჩემთვის რთულია ჩემი მეუღლის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ეს საკითხი სერიოზულად განვიხილეთ და მან მხარი დამიჭირა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი."

თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სათავეში უდგას 2013 წლის სექტემბრიდან. IOC-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 2021 წლის გაზაფხულზე, ათენის 137-ე სესიაზე. საპრეზიდენტო კანდიდატების განაცხადების მიღება სესიის დაწყებამდე სამი თვით ადრე დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ თომას ბახის გარდა პრეზიდენტობის მოსურნე არავინ აღმოჩნდა, მაშინ არჩევნებს სიმბოლური დატვირთვა ექნება.

ოლიმპიური ქარტიის თანახმად, IOC-ის პრეზიდენტს პირველ ჯერზე ირჩევენ 8 წლის ვადით, მეორე ვადა 4 წლით შემოიფარგლება.

136-ე სესიაზე IOC-ის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს ავსტრალიის ოლიმპიური კოიტეტის პრეზიდენტი ჯონ კოუტსი და სინგაპურელი ნგი სერ მიანგი.

სესიაზე ასევე გადაწყდა IOC-ის ახალი წევრების მიღება. ასეთები გახდნენ მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი სებასტიან კოე, ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ასევე საუდის არაბეთის ელჩი აშშ-ში, პრინცესა რიმა ბინტ ბანდარ ალ საუდი, მონღოლეთის ეოკ-ის ხელმძღვანელი ბატუშიგა ბატბოლდი და კუბის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მარიუ კარიდად კოლონი.