EOC ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება

22 ივლისი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის თითქმის ოთხთვიანი რეჟიმის შემდეგ, ნელ-ნელა უბრუნდება სრულფასოვან საქმიანობას.

თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, EOC-ის შტაბ-ბინას პირველად ეწვია ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნილს ნიგარდი. მან  EOC-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში უწყვეტი მუშაობისთვის, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს კი - აქტიური თანამშრომლობისთვის.

ნილს ნიგარდის თქმით, რიგ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება კვლავაც შეუძლებელია. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ვითარება შეიცვლება და სპორტული ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ცნობილია, რომ 26-29 ივლისს EOC-ის დელეგაცია ეწვევა კრაკოვს და მალოპოლსკის სავოევოდოს, სადაც III ევროპული თამაშების ორგანიზატორებთან გამართავს შეხვედრებს. სრულად აღდგა ევროპის ზამთრის XV  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო  სამუშაოები, რომელსაც 2021 წლის 6-13 თებერვალს ფინეთის ვუოკატიმ უნდა უმასპინძლოს. EOC-ში იმედი აქვთ, რომ 2021 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველი ოლიმპიური ღონისძიება იქნება.

23 ივლისს ონლაინ ფორმატით ჩატარდება EOC-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.