ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელი დარჩა

23 ივლისი 2020

23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური სტადიონზე, დახურულ კარს მიღმა, ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე, სიმბოლური თარიღის აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ოლიმპიური რგოლების ფერებში განათდა თამაშების მასპინძელი არენები.

რომ არა COVID-19-ის პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე XXXII თამაშები გაიხსნებოდა. ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობა 2021 წლამდე გადავადდა. შესაბამისად, პირველად არის, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი წლით ადრე აღმნიშვნელი ღონისძიება მეორედ მოეწყო.

„ტოკიოს თამაშებამდე ერთი წლით ადრე ჩვენ დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ, - ამბობს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი. - პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მეთაურობით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს იაპონელ პარტნიორებს და მეგობრებს, ტოკიო-2020-ის პრეზიდენტ იოშირო მორის, დედაქალაქის გუბერნატორ იურიკო კოიკეს, ასევე ათლეტებს, ზაფხულის სახეობათა ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, სპონსორებს და ტელემაუწყებლობის მფლობელებს. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით თამაშების გადავადებაზე ერთობლივი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. შთამბეჭდავია ის პროგრესი, რომელსაც თამაშების ახალი ვადის გამოცხადების შემდეგ მიაღწიეს ორგანიზატორებმა."