ეკლსტოუნმა IOC-ს მუჰამედ ალის ოლიმპიური ჩირაღდანი უსახსოვრა

23 ივლისი 2020

ფორმულა 1-ის ჯგუფის ყოფილმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა ბერნი ეკლსტოუნმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს (IOC) საჩუქრად ის ოლიმპიური ჩირაღდანი გადასცა, რომლითაც რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მუჰამედ ალიმ 1996 წლის ატლანტას ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე სტადიონის ფიალაში ცეცხლი დაანთო.

„პირადად ჩემთვის ძალზე სასიამოვნო იყო ამ უნიკალური არტეფაქტის პოვნა. მის შესანახად IOC-ზე უკეთესი ადგილი არ არსებობს დედამიწაზე," - განაცხადა ეკლსტოუნმა.

ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ცერემონია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 136-ე სესიის დასრულებიდან რამდენიმედ დღეში შედგა.

„ეს ჩირაღდანი ოლიმპიური თამაშების სიმბოლოა. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ამაღელვებელი წუთები, როდესაც პარკინსონის ადრეული სტადიით დაავადებულმა მუჰამედ ალიმ ოლიმპიურ ფიალასთან ჩირაღდნით ხელში ამაყად მდგომმა ცეცხლი დაანთო. IOC-ში ამ უნიკალური ჩირაღდნის დაბინავება განსაკუთრებული რამ არის. მინდა მთელი სულით და გულით მადლობა გადავუხადო ბატონ ეკლსტოუნს," - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.