IOC ტოკიო-2020-ის უმაყურებლოდ ჩატარებას განიხილავს

25 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პანდემიის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას განიხილავს.

„თამაშების ჩასატარებლად სხვადასხვა სცენარი უნდა მოვამზადოთ. მაყურებლის გარეშე ოლიმპიადის ჩატარება არავის არ სურს, თუმცა თამაშების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად მზად ვართ აუცილებელი ზომების მისაღებად," - განაცხადა თომას ბახმა და აღნიშნა, რომ უმთავრესია მონაწილეთა უსაფრთხოება.

ოთხშაბათს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ ასევე განაცხადა, რომ ასპარეზობები შეიძლება მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

შესაბამის ზომას მაშინ მიმართავენ, თუ ასეთი ვარიანტი ერთადერთი შესაძლებელი საშუალება აღმოჩნდება.

IOC-ის პრეზიდენტმა ასევე წუხილი გამოთქვა ათლეტთა სავარჯიშო პირობებთან დაკავშირებული მდგომარეობით, რადგანაც ათლეტებმა არ იციან, როდის განახლდება დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები და როდის უნდა შევიდნენ ფორმის პიკში. სერიოზული პრობლემაა ასევე კორონავირუსის გამო  დახურულ საზღვრები და გადაადგილებისას არსებული შეზღუდვები.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ოლიმპიური თამაშების შემდგომ გადავადებასთან დაკავშირებით: „როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, კვლავაც იაპონურ მხარესთან თანამშრომლობას ვისურვებდი. მომავალი წლის ივლისში ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარების  ურყევი მომხრე ვარ."

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წლეულს 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის შედეგად იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.