ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ოლიმპიური თამაშების ბედს ვაქცინა განსაზღვრავს

25 ივლისი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის იოშირო მორის მოსაზრებით, ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა რიცხვის მექანიკურად შემცირება შეუძლებელია, მაგრამ თამაშების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხის განხილვის შემთხვევაში შესაძლოა თამაშების გაუქმების საკითხიც დადგეს.

„მაყურებელთა რაოდენობის  შესამცირებლად საფუძვლიანი კრიტერიუმი უნდა არსებობდეს. თუ ისე მოხდა, რომ თამაშების ჩატარება მხოლოდ მაყურებელთა გარეშე იქნება შესაძლებელი, მაშინ ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ამ შემთხვევაში შეიძლება გაუქმების საკითხიც წამოიჭრას.

თუ, ვთქვათ, კვლავინდებურად ასეთი რთული ვითარება შენარჩუნდება, მაშინ ჩატარება შეუძლებელი იქნება. ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია IOC- აქვს. ჩემი მხრიდან ჰიპოთეტურ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის სწორი. მით უმეტეს, არა მგონია, ასეთი ვითარება კიდევ ერთ წელიწადს გაგრძელდეს," - განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ.

ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი იმაზე იქინება დამოკიდებული, შემუშავდება თუ არა ვაქცინა და წამალი. ამასთან, ეჭვობს, რომ თამაშები კვლავაც გადაიდება: „2022 წლის ზამთარში პეკინის თამაშებია, 2024 წელს - პარიზის. ყველაფერი 2028 წლამდე არის გაწერილი. იმის ალბათობა, რომ პარიზი დაგვითმობს, არ არსებობს. ჩატარდება თუ არა ოლიმპიური თამაშები, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კაცობრიობა კორონავირუსზე გამარჯვებას."