ჯონ კოუტსის განცხადებით, ტოკიოს თამაშები უნდა გამარტივდეს

26 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯონ კოუტსის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა გამარტივდეს, რათა გაიზარდოს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა.

„კარგი ამბავი ის არის, რომ შეჯიბრებთა განრიგი უცვლელი რჩება. მიუხედავად ამისა, უნდა შევამციროთ თამაშების გადატანით გამოწვეული დანახარჯები, ასევე გავამარტივოთ თამაშების ჩატარება, რათა უზრუნველვყოთ მათი ეფექტური და უსაფრთხო ორგანიზება.

თამაშებამდე ერთი წლით ადრე არ გვაქვს მკაფიო სურათი იმისა, თუ რა სახეს მიიღებს თამაშების გამარტივება. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე COVID-19-ის ირგვლივ ვითარება მუდმივად იცვლება. IOC და ჩვენი იაპონელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა თამაშები არა მარტო ჩატარდეს, არამედ ათლეტები მუდმივად დარჩნენ ჩვენი ზრუნვის ეპიცენტრში" - აღნიშნავს კოუტსი.

COVID-19-ის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

ცოტა ხნით ადრე IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარება განიხილება.