კატარს 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს

28 ივლისი 2020

კატარის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების სურვილი წერილობით აცნობა.

კატარის გარდა, ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის მასპინძლობის სურვილი  აქვთ ავსტრალიას, გერმანიას, ინდოეთს, ინდონეზიას და ჩინეთს. ასევე განიხილება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი განაცხადის შესაძლებლობაც.

თამაშების მიმართ შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესს მიესალმება IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი: „თამაშებამდე 12 წლით ადრე, 2032 წლის ოლიმპიური თამაშებისადმი გამოხატული დიდი ინტერესით ბედნიერები ვართ IOC-ში. ჩვენ წამოვიწყეთ დიალოგი დაინტერესებულ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და IOC-ის სპეციალურ კომისიას შორის. მივესალმებით დიალოგში კატარის შემოერთებას."

კატარი 2016 და 2020 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილსაც გამოთქვამდა, რომელთა ჩატარების პატივი შემდგომში შესაბამისად რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს დარჩათ.