უკრაინა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის საკითხს განიხილავს

03 აგვისტო 2020

უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა ქვეყანაში 2028 ან 2030 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადის მომზადების საკითხს განიხილავს.

სამთავრობო სხდომაზე შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა ყოფილმა მოფარიკავემ და ოლიმპიელმა, დღეს კი უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მასობრივი სპორტის და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, კერძოდ კი ხელს შეუწყობს ზამთრის სახეობებს.

ასევე ცნობილია, რომ უკრაინა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ვიზიტისთვის ემზადება, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის განაცხადის მომზადებას გააცნობენ.

ერთი წლის წინათ უკარინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს და სპორტის მესვეურებს რომელიმე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლა დაავალა. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ბელარუსთან თამაშების ერთობლივად ჩატარება.