2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას ტრიესტე უმასპინძლებს, დახურვას - უდინე

04 აგვისტო 2020

ფრიული-ვენეცია-ჯულიას (იტალია) რეგიონის საბჭომ XVI ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსაწყობად სახსრები გამოყო.

39 მილიონი ევრო  დაიხარჯება რეგიონის სამთო-სათხილამურო ობიექტების განვითარებისა და რეკონსტრუქციისთვის, 7 მილიონი ევრო მოხმარდება ასპარეზობების მასპინძელი მუნიციპალიტეტების და რაიონების კეთილმოწყობას.  

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის იტალიაში ჩატარებაზე ხელშეკრულებას 2020 წლის 14 თებერვალს ხელი მოაწრეს ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა, იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონმა.

XVI ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება 21-28 იანვარს. 14-დან 18 წლამდე ახალგზარდა ოლიმპიელები მედლებს გაითამაშებენ სამთო თხილამურობაში, ბიატლონში, თხილამურებით რბოლაში, ფიგურულ ციგურაობაში, ჰოკეიში, ჩრდილოურ ორჭიდში, შორტ-ტრეკში, ტრამპლინიდან ხტომაში, სნოუბორდში, კერლინგში, ფრისტაილში და სკი-ალპინიზმში.

ფესტივალის გახსნას ტრიესტე უმასპინძლებს, დახურვას - უდინე.

2025 წლის ანალოგიური ფესტივალი, დიდი ალბათობით, გაიმართება საქართველოში, ბორჯომ-ბაკურიანში. ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2020 წლის ნოემბერში.