ვუოკატის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ელჩობის მსურველთა განაცხადების მიღება გაგრძელდა

09 აგვისტო 2020

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) 2021 წლის ვუოკატის ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ვადა გაახანგრძლივა.

კანდიდატთა შერჩევა 30 ივნისს დაიწყო და ზუსტად ერთ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ EOC-ში შვებულებების პერიოდის გამო გადაწყდა, ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს მეტი დრო მიეცეთ 2021 წლის ფესტივალისთვის ელჩების შესარჩევად - პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების გაგზავნა 21 აგვისტომდეა შესაძლებელი.

დღესდღებით 20 ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შეარჩია ელჩობის კანდიდატები.

ყველა ელჩი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, უნდა შეეძლოს როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობა,  ადამიანებთან იოლად უნდა პოულობდეს საერთო ენას და იყოს აქტიური.

მათი ძირითადი მოვალეობა იქნება ახალგაზრდა ოლიმპიელებისთვის გასართობი ღონისძიებების მოწყობა, წამოჭრილი საკითხების მოგვარება, მედიასთან ურთიერთობაში დახმარება, დღიურების გაკეთება, ფესტივალის სოციალური ქსელის მართვა.

2021 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები მედლებს გაითამაშებენ სპორტის 7 სახეობაში: სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, შორტ-ტრეკი და სნოუბორდი.