ტოკიო-2020-ში სიცხეზე მეტად COVID-19 აფიქრებთ

16 აგვისტო 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი წლის ბოლომდე გეგმავს საპოროს ოდორის პარკში  იმ ტრასის მოწყობას, სადაც ოლიმპიური ასპარეზობები ჩატარდება მარათონსა და სპორტულ სიარულში. მძლეოსნობის ამ ორი დისციპლინის 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ საპოროში გადატანის მიზეზი გახდა ზაფხულში იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მოსალოდნელი ანომალური სიცხე.

ტოკიო-2020 საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის თქმით, საპოროში - იაპონიის ყველაზე ჩრდილოეთი პრეფექტურის ჰოკაიდოს დედაქალაქში სატესტო შეჯიბრებების გამართვა შესაძლებელი იქნება 2021 წლის მარტი-მაისის პერიოდში.

2021 წლის 5 და 6 აგვისტოს ოლიმპიური თამაშების პროგრამით ოდორის პარკში შეჯიბრებები გაიმართება 20  (ქალები)  და 50 კილომეტრზე (კაცები) სპორტულ სიარულში. 7 აგვისტოს სტარტი მიეცემა ქალთა მარათონს, რომლებიც რბენას დილის შვიდი საათიდან შეუდგებიან, რათა თავი აარიდონ დღის სიცხეს. 8 აგვისტოს, იმავე დროს სტარტზე გავლენ კაცები. ფინიშის დასრულებისთანავე გამარჯვებულებს და პრიზიორებს უმალ ტოკიოში ჩაიყვანენ და ოლიმპიურ მედლებს  თამაშების დახურვის ცერემონიაზე გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ზაფხულში ტოკიოში ჰაერის ტემპერატურა არ აწეულა ექსტრემალურად მაღალ ნიშნულზე, როგორც ამას ელოდნენ ორგანიზატორები.

ტოკიო-2020-ის მასპინძლებისთვის კვლავაც აქტუალური რჩება სიცხე, მაგრამ, რასაკვირველია, უფრო დიდ საზრუნავს წარმოადგენს COVID-19-თან დაკავშირებული პრობლემები.