ინფორმაცია 2020 წლის 11 სექტემბერს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით

19 აგვისტო 2020

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის 2020 წლის 11 სექტემბერს მოწვევის თაობაზე.

1.   სესიის მოწვევა სრულ თანხვედრაშია სეოკ-ის წესდების მე-8 თავის 1.1. პუნქტთან ("საანგარიშო-საარჩევნო სესია მოწვეულ უნდა იქნას ოთხ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დამთავრებიდან ექვსი თვის განმავლობაში მაინც").

ბოლო საარჩევნო სესია ჩატარდა 2016 წელს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020-ში არ ჩატარებულა პანდემიის გამო.

2.   კოვიდ-19-ის გათვალისწინებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2020 წლის 20 აპრილის ცირკულარული წერილის თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადებასთან დაკავშირებით, 2020 წელს საანგარიშო-საარჩევნო სესიების ჩატარება-არჩატარების საკითხს წყვეტს შესაბამისი ეოკ-ის აღმასკომი.

3.   სესიის სექტემბერში ჩატარება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

ა) პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, ფაქტობრივად, ჩაიშალა სპორტული სეზონი, გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებები. შესაბამისად, სეოკ-ის სესიის დღის წესრიგიდან ამოღებულია სპორტული წლის შემაჯამებელი ღონისძიებები, წარმატებული სპოტსმენების, მწვრთნელების და სპორტული ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალი.

ბ) სეოკ-ს, მის ახლადარჩეულ აღმასრულებელ კომიტეტს მიეცემა საშუალება ფედერაციებთან ერთად წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში მაქიმალური ძალისხმევა მოახმაროს მომავალ წელს დაგეგმილი ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირებისა და უშუალოდ თამაშებისთვის მზადებას, აქტიურად ჩაერთოს 2021 წლის სპორტული და ოლიმპიური ბიუჯეტის ფორმირების პრობლემატიკის გადაწყვეტაში.

გ) ქვეყანაში პანდემიის გავრცელების მდგომარეობა და არსებული კონტროლირებადი სიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა სესიის ჩატარების საშუალებას - ბუნებრივია, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამსახურების რეკომენდაციების მოთხოვნების სრული დაცვით (ცნობისთვის: 2 სექტემბერს ზოგიერთ, ხოლო 15 სექტემბრიდან ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განახლდება).

დ) ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს პრობლემები. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ქართველი ეპიდემიოლოგები, ექსპერტები და სპეციალისტები ელოდებიან სიტუაციის გართულებას როგორც კოვიდ-19-ის, ისე სეზონური დაავადებების მიმართულებით.