ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით დაშვებაზე მსჯელობენ

20 აგვისტო 2020

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდის გამო, იაპონიის მთავრობას   განზრახული აქვს შეინარჩუნოს სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები. დღევანდელი განაწესით, არენებსა და სტადიონებზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 5 ათასი მაყურებელისა.

იაპონიაში ამგვარი შეზღუდვა ივლისში შემოიღეს. თავდაპირველად შეჯიბრებებზე დასწრება მხოლოდ ათასამდე გულშემატკივარს შეეძლო, შემდეგ კი ეს რიცხვი 5 ათასამდე გაზარდეს. შეზღუდვებს აგვისტოს ბოლოდე უნდა ემოქმედა, მაგრამ იაპონიის მთავრობამ არა თუ მისი გაუქმება, არამედ  გაურკვეველი ვადით გაგრძელება გადაწყვიტა. ამის მიზეზია ტოკიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სადაც მომავალი წლის ივლის-აგვისტოში ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლონ.

ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელად უმთავრესი პირობაა იაპონიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი, ქვეყნის მთავრობა და ქალაქის ხელისუფლება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დამატებით ზომებს შეიმუშავებს.

ცოტა ხნით ადრე რამდენიმე იაპონელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, 2021 წლამდე ვირუსის ბოლომდე დამარცხება ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა გამოირიცხოს თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარება. ასევე შესაძლოა, რომ ტოკიოს თამაშებზე მაყურებელი დაუშვან, ოღონდ - შეზღუდული რაოდენობით.