ტოკიო-2020 ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს

22 აგვისტო 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის პროგრამის განრიგში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.

ტოკიო-2020-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ოლიმპიური სიმბოლოს ესტაფეტის შემცირება ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს მნიშნელოვან ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტანს, ცვლილებების შეტანა კი, პირიქით, სპონსორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან დამატებით შეთანხმებებს და ხარჯებს გამოიწვევს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას შეუდგება გაისად, 25 მარტს, ფუკუშიმას საფეხბურთო ცენტრიდან. ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას, 23 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში შეაბიჯებს, სადაც თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ფიალაში ააგიზგიზებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. ტოკიო-2020-ის წარმომადგენლებმა ოლიმპიური ცეცხლი საიდუმლო ადგილზე, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.