EOC-ის პრეზიდენტს 2021 წლის თებერვალში აირჩევენ

26 აგვისტო 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ერთი თვით გადაავადა. თავდაპირველად, ასამბლეისთვის 30-31 ოქტომბერს სტამბოლს უნდა ემასპინძლა, ახალი გადაწყვეტილებით კი 27 ნოემბერს რომში ჩატარდება. EOC-ის გენერალურ ასამბლეაზე სხვა საკითხთა შორის განიხილავენ ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღს.

EOC-ის ახალ ხელმძღვანელს, დიდი ალბათობით, აირჩევენ 2021 წლის თებერვალში, თუმცა ამის გაკეთება წესდებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომელსაც ასამბლეაზე მიიღებენ.

წლეულს ივნისში EOC-ის ხელმძღვანელის, იანეზ კოსიანჩიჩის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ნილს ნიგარდი.

EOC-ის გენერალურ ასამბლეაზე ასევე განიხილავენ ორგანიზაციის მიერ 2019 წელს გაწეულ ხარჯებს და დაამტკიცებენ 2021 წლის ბიუჯეტს.