ტოკიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი კონფერენცია სექტემბერში გაიმართება

28 აგვისტო 2020

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მისაღებად  პირველი კონფერენციისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში უნდა გაიმართოს.

ღონისძიებას იაპონიის მთავრობა წარუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ტოკიოს მთავრობის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობის, შრომის და კეთილდღეობის სამინისტროს და საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე უმთავრეს გასახილველ საკითხთა შორის იქნება სასაზღვრო კონტროლი და ათლეტთათვის საგანგებო პროტოკოლის შემუშავება.

მოსალოდნელია, რომ კონტრზომებს წლის ბოლოსთვის გამოაცხადებენ, იქამდე კი სამოქმედო გეგმის განსახილველად შეხვედრები რეგულარულად გაიმართება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ კონტრზომები თამაშების მომავალთან დაკავშრებით ეჭვებს შეარბილებს.

დღესდღეობით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში იაპონიაში შესვლა 146 ქვეყნას და რეგიონს ეკრძალება. მათ, ვისაც ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ, ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ. ტოკიოს გუბერნატორის, იურიკო კოიკეს განცხადებით, იაპონიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება უმჯობესდება.