იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გადადგა

28 აგვისტო 2020

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რომლის დიდი ძალისხმევის შედეგად იაპონიამ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.

სინძო აბეს გადადგომას გამოეხმაურნენ საერთაშორისო ოლიმპიური (IOC) და პარალიმპური (IPC) კომიტეტების პრეზიდენტები. IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის თქმით, აბეს „ნდობა ყოველთვის შეიძლებოდა". ის იყო „ძლიერი პარტნიორი".

აბე ახალი ვადით პრემიერ-მინისტრად 2012 წელს აირჩიეს, იქამდე კი იგივე თანამდებობა 2006-2007 წლებში ეკავა და მაშინაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა პოსტი.

იაპონიის დედაქალაქს თამაშების მასპინძლობის უფლება მიენიჭა 2013 წელს, ბუენოს აირესში, IOC-ის 125-ე სესიაზე.

აბეს ბიოგრაფიიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო რიოს ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, როგორც მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის მეთაური, პოპულარული ვიდეოთამაშის - მარიოს პერსონაჟის ფორმაში გამოწყობილი წარსდგა.

COVID-19-ის პანდემიის მასშტაბების ზრდის გათვალისწინებით, 24 მარტს IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ოღონდ ახალი პრემიერ-მინისტრის მეთვალყურეობით.

ბახის თქმით, აბეს გადადგომა „მეტად სამწუხაროა".

„პირველ ყოვლისა, მინდა მას ავადმყოფობის დასამარცხებლად ბრძოლაში ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ამავდროულად მინდა პრემიერ-მინისტრ აბეს მადლობა გადავუხადო ტოკიო-1964-ის შემდეგ, იაპონიაში ოლიმპიური თამაშების დასაბრუნებლად გაწეული დიდი ძალისხმევისთვის, ლიდერობისთვის და ტოკიო-2020-ის სამზადისში მხარდაჭერისთვის.ამ წლების განმავლობაში, პრემიერ-მინსიტრი აბე იყო ძლიერი პარტნიორი, რომელიც იაპონიის ინტერესების სადარაჯოზე იდგა და რომლის ნდობაც ყოველთვის შეიძლებოდა. სრულიად იაპონელი ათლეტები და მთელი მსოფლიოს ათლეტები მისი მადლიერები არიან."

აბეს პრემიერ-მინისტრად ყოფნის ვადა 2021 წლის სექტემბერში ეწურება. აბე თანამდებობაზე დარჩება მემკვიდრის არჩევამდე.