ოლიმპიური ცეცხლი 1 სექტემბრიდან იაპონიის ოლიმპიურ მუზეუმში გამოიფინება

31 აგვისტო 2020

XXXII ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლმა, რომელიც საბერძნეთიდან იაპონიაში ჯერ კიდევ თამაშების 2021 წლამდე გადავადებამდე ჩაიტანეს, ტოკიოს ოლიმპიურ მუზეუმში დაიდო ბინა.

ოლიმპიური ცეცხლი საგანგებო ლამპარშია მოთავსებული და დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი იქნება 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში,  ორგანიზატორებმა დამთვალიერებელთა რიცხვი საათში 120 ადამიანამდე შეზღუდეს. გარდა ამისა, მუზეუმში სტუმრობისთვის ადგილის წინასწარ დაჯავშნაა საჭირო.

„ვფიქრობ, ათლეტები, რომლებიც ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობას აპირებენ, გაორმაგებით ვარჯიშობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცეცხლი მათ სულს აამაღლებს," - განაცხადა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლეგენდრულმა ძიუდოისტმა იასუჰირო იამასიტამ.

ტოკიო-2020-ის განცხადებით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის პირვანდელი გრაფიკი შენარჩუნდება. ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას შეუდგება გაისად, 25 მარტს, ფუკუშიმას საფეხბურთო ცენტრ J-Village-დან. ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას, 23 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში შეაბიჯებს, სადაც თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე, ფიალაში ააგიზგიზებენ.