ლოს ანჯელესმა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ემბლემა წარმოადგინა

03 სექტემბერი 2020

ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოთხწლეულის უმთავრეს ასპარეზობათა ემბლემა წარმოადგინა.

ემბლემაზე გამოსახული ასო L და ციფრი 28, შავ ფერშია წარმოდგენილი, ასო A კი 26 ვარიანტშია შესრულებული.

ასო A-ის თითოეული ვერსიით 26 ცნობილი ლოს ანჯელესელის ინდივიდუალური ისტორიაა სიმბოლიზეული. მათ შორის არიან მომღერალი ბილი აილიში, მსახიობი რიზ უიზერსპუნი, რბენაში ოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი ელისონ ფელიქსი, ოლიმპიური ჩემპიონი სნოუბორდში ქლოი კიმი, ფეხბურთელი ალექს მორგანი, სიგრძეში ხტომაში პარალიმპური თამაშების ოთხი ვერცხლის მედლის მფლობელი ლექს ჟილეტი, რბენაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ჯონსონი, ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონე მანუელი.

ლოს ანჯელესმა ოლიმპიურ თამაშებს 1932 და 1984 წლებში უმასპინძლა, 2028 წელს კი მესამედ გაუღებს კარს ოლიმპიელებს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2017 წელს, ლიმაში, IOC-ის 131-ე სესიაზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ერთბაშად გამოაცხადა 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლები, შესაბამისად - პარიზი და ლოს ანჯელესი.