ჯონ კოუტსი: „ტოკიო-2020 ჩატარდება კორონავირუსთან ერთად ან მის გარეშე"

07 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტის, საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის ჯონ კოუტსის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების მიუხედავად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაისად ჩატარდება.

„ოლიმპიური თამაშები ჩატარდება კორონავირუსთან ერთად ან მის გარეშე. თამაშები დაიწყება 2021 წლის 23 ივლისს. თავდაპირველად ამ თამაშების თემა უნდა გამხდარიყო 2011 წლის ცუნამით დაზარალებული იაპონიის აღდგენა. ახლა, დიდი ალბათობით, თემა შეიცვლება COVID-19-ზე გამარჯვებით - გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენით.

ორგანიზატორები თამაშების ჩასატარებლად სხვადასხვა კონტრზომებს განიხილავენ. ზოგიერთ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა კონტროლის ქვეშ იქნება, ზოგიერთში - არა. თამაშებზე ათლეტები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ. ტოკიოში 206 ქვეყნის წარმომადგენელებს ელოდებიან. ასე რომ, მასპინძელი ქვეყნის წინაშე მასშტაბური ამოცანა დგას.

პანდემიამდე IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, რომ ტოკიო თამაშებისთვის საუკეთესოდ იყო მომზადებული, ობიექტები თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ გეგმები შეიცვალა. არის შესანიშნავი ოლიმპიური სოფელი, ტრანსპორტთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. 43 სასტუმროსთან ხელშეკრულებების თავიდან დადებამ მოგვიწია," -  განაცხადა ჯონ კოუტსმა.