სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის საანგარიშო წერილი

09 სექტემბერი 2020

მიიწურა კიდევ ერთი ოლიმპიური ოთხწლეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალმხრივ საინტერესო, საყურადღებო და მოულოდნელი ამბებით. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ვიმსჯელებთ სეოკ-ის  საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. შევაჯამებთ 2017-2020 წლების შედეგებს, გავიხსენებთ მიღწეულ წარმატებებს, ვისაუბრებთ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე.  სესიის წინ მსურს ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

ოთხწლეულის  სპორტული  შედეგების  შესახებ

პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისი სპორტს განსაკუთრებით მტკივნეულად შეეხო. 2020 წელს ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობით მხოლოდ რამდენიმე შეჯიბრება ჩატარდა - მაგალითად, ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ტრადიციულად წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი ფალავნები. ნაკლული ოთხწლეულის მიუხედავად, ქართული სპორტის მიღწევები აშკარა და თვალსაჩინოა, განსაკუთრებით კი სწორედ ოლიმპიურ სახეობებში და კომპლექსურ ოლიმპიურ ასპარეზობებში.

2017-2020 წლებში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 5 შეჯიბრებაში: ევროპის ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალებში, მეორე ევროპულ თამაშებში, ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში. ყველა ეს შეჯიბრება საქართველოსთვის ერთობ წარმატებული გამოდგა.

მაგალითად, 2017 წლის ახალგაზრდულ ფესტივალზე 4 ოქროს მედალი ავიღეთ და ყველა დროის საუკეთესო შედეგი გავიმეორეთ. ორი წლის შემდეგ, ბაქოში მოპოვებული 14 მედალი კი სარეკორდოა ამ ფესტივალების ისტორიაში.

2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე უფრო მეტი მედალი მოვიპოვეთ, ვიდრე წინა ორ თამაშებზე ერთად აღებული. თანაც, ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი ამ თამაშების ჩემპიონი გახდა.

2019 წლის მეორე ევროპული თამაშები რეკორდული მიღწევით აღინიშნა: 30 მედალი, მათ შორის - 7 ოქრო და გუნდური მე-6 ადგილი. მინსკში ჩვენ ვაჯობეთ  გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ესპანეთს და ევროპის სხვა წამყვან სპორტულ ქვეყნებს. შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშებზე 21-ე გუნდური ადგილი გვერგო 16 მედლით.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით და პატრონაჟით, 2019 წელს ჩატარდა ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები. ამ სადებიუტო და წარმომადგენლობით შეჯიბრებაში 4 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი 97 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე გავედით.

2020 წლის  ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მოციგურავეთა დუეტმა არნახულ წარმატებას მიაღწია - ოქროსა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, რაც ასევე ისტორიული მიღწევაა.

ასევე თვალსაჩინო და შთამბეჭდავია სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე - მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგების მზარდი დინამიკა.  2017 -2019 წლებში ჩვენმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე 13 ოქროს მედალი აიღეს, რაც 10 მედლით მეტია 2013-2016 წლების ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა 2019 წელი -  ერთბაშად 6 ოქროს მედალი ერთ სეზონში. საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, აქამდე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა -  ოლიმპიურ სახეობებში ამდენი მსოფლიო ჩემპიონი არასოდეს გვყოლია. ბოლო ოთხწლეულში მსოფლიოს ჩემპიონები 3-3-ჯერ გახდნენ ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. მათ გარდა ოქროს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ იაკობიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა),  ნუგზარ წურწუმია (ბ/რ ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბ/რ ჭიდაობა) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).

ეს არის  ხელისუფლების მხრიდან ქართული სპორტის მხარდაჭერის, სამინისტროს, სეოკ-ის, სპორტული ფედერაციების ნაყოფიერი და კოორდინირებული მუშაობის  თვალსაჩინო შედეგი, ამ პროცესში ჩართული სხვა ორგანიზაციების,  სამედიცინო და ტექნიკური პერსონალის, მწრთნელებისა და, რა თქმა უნდა,  თავად სპორტსმენების დამსახურება.

 ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესახებ

სწორედ ბოლო პერიოდის შედეგებს ეფუძნებოდა ჩვენი ოპტიმიზმი, როცა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე  მოსალოდნელი წარმატებებების შესახებ ღიად ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ერთი წლით გადაიდო. 2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული წელიწადი, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია ცხოვრების ყველა სფეროზე და  მათ შორის - სპორტზე. კორონავირუსის პანდემიამ, შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2021 წლამდე გადავადდა ყველაზე მთავარი მულტისპორტული შეჯიბრება - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში.

ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით სრულიად უჩვეულო და არაორდინალურ ვითარებაში, როცა სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ამ გამოწვევებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი ჯანდაცვის ორგანიზაციების და მთავრობის მითითებებს და განკარგულებებს, რათა რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით დავძლიოთ კრიზისი და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ ეტაპზე ეს არის თითოეული მოქალაქის, მათ შორის - თითოეული სპორტსმენისა და ოლიმპიელის, თითოეული მწვრთნელისა და სპორტის მუშაკის უმთავრესი ამოცანა. იმავდროულად, რასაკვირველია, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სპორტული ფორმა და მოტივაცია, ვემზადოთ შეჯიბრებებისთვის.

პანდემიის პერიოდში სეოკ-ის ხელმძღვანელობას  სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდა სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, სპორტულ ფედერაციებთან, გამოქვეყნდა სეოკ-ის არაერთი საჯარო მიმართვა-მოწოდება, მოეწყო სპორტსმენებისა და ფედერაციების გამოკითხვა, შენარჩუნდა ოლიმპიური სტიპენდიები. მედიკოსებთან ერთად შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი პროფესიული სპორტისთვის. სპორტის უმეტესი სახეობის წარმომადგენლები უკვე შეუდგნენ ვარჯიშს მწვრთნელების მეთვალყურეობით.

ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწია გეგმების შეცვლა, სპეციალური ოლიმპიური პროგრამების გადავადება, ბიუჯეტის გადასინჯვა, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანა. დღეის მდგომარეობით, თუ ზოგადი ეპიდომიოლოგიური სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება,  მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებები შემოდგომაზე განახლდება, ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები კი, ახალი გრაფიკის მიხედვი, 2021 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

ამ პერიოდისთვის საქართველოს 8 სპორტსმენს უკვე მოპოვებული აქვს ოლიმპიური ლიცენზია, რაც დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გარდა ამისა, ჩვენს ოცამდე  სპორტსმენს, რეიტინგის  შესაბამისად, ფაქტობრივად განაღდებული აქვს ტოკიოს საგზური, თუმცა უახლოეს სალიცენზიო შეჯიბრებებზე მზად უნდა ვიყოთ პოზიციების გასამყარებლად და  ახალი სარეიტინგო ქულების ასაღებად.

ჩვენი ვარაუდით, მომავალ თამაშებზე 35-37 ოლიმპიელი გვეყოლება, რომლებიც, იმედია, შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ და გააუმჯობესებენ წინა თამაშებზე საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგს.  ამისთვის აუცილებელია, სრულფასოვანი დაფინანსება, დამატებითი რესურსების მოძიება, მიზნობრივი პროგრამების სრულად ამოქმედება, საოლიმპიადო პროცესში ჩართული ყველა უწყების კოორდინებული და მიზანმიმართული საქმიანობა.  ჩვენი საბოლოო მიზანი უცვლელი რჩება - წარმატებული გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ახლა უკვე 2021 წელს.

საერთაშორისო თანამშრომლობისა და ოლიმპიური პროგრამების შესახებ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თანამშრომლობას საერთაშორისო  ორგანიზაციებთან, პირველ ყოვლისა კი - საერთაშორისო ოლიმპიურ  კომიტეტთან, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციასთან, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან. განვლილ ოთხწლეულში  მონაწილეობა მივიღეთ ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ არაერთ წარმომადგენლობით ღონისძიებაში, სესიებში, სემინარებსა და კონფერენციებში; შეხვედრები გავმართეთ საერთაშორისო ოლიმპიური და სპორტული მოძრაობის ლიდერებთან, ვუმასპინძლეთ საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებს. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ქართული სპორტის ინტერესებს, შემდგომი განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის მოპოვების, დაფინანსების  წყაროების მოძიების და პრობლემების მოგვარების ახალ შესაძლებლობებს.

ტრადიციულად, სეოკ-ი წარმატებით თნამშრომლობს ოლიმპიური სოლიდაობის ფონდთან. ამ მიმართულებით  2017-2020 წლებში ჩვენი ამოცანა იყო კვლავაც მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შემოთავაზებული პროგრამები და კიდევ უფრო გაგვეფართოებინა თანამშრომლობის მასშტაბები. სწორედ ოლიმპიური სოლიდარობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსდა სასტიპენდიო პროგრამები, საწვრთნელი შეკრებები, სემინარები, კურსები და ტრენინგები, საგანმანათლებლო და საგამომცემლო პროექტები, სამედიცინო და ანტისადოპინგო ღონისძიებები. 

მაგალითად, სპორტსმენთა სასტიპენდიო და მოსამზადებელ პროგრამებში ჩართული იყო 500-ზე მეტი სპორტსმენი და ამ საქმეს მოხმარდა 600 ათასამდე აშშ დოლარი; მწვრთნელების ტექნიკურ და სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს  კურსებში, სამედიცინო და ანტისადოპინგო სემინარებში, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ბენეფიციარმა, რისთვისაც მოძიებულ იქნა დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი.

ოლიმპიზმის პოპულარიზაციის ღონისძიებების შესახებ

სეოკ-ის წესდებით და ოლიმპიური ქარტიით განსაზღვრულ ამოცანებსა და ვალდებულებებს შორის, ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში ერთ-ერთი უმთავრესია ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია, ოლიმპიზმის ფუძემდებლური პრინციპების და ფასეულობების გავრცელება, ოლიმპიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. 

ამ მიმართულებით სეოკ-ის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი საქმიანობა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ოლიმპიური სოლიდარობის გრანტებს, შიდა რესურსს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას სპორტის პროპაგანდის, ოლიმპიური სულისკვეთებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის  დანერგვის მიზნით. ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილია ათეულობით წიგნი თუ დოკუმენტური ფილმი, ეწყობა კონკურსები, მრავალრიცხოვანი შეხვედრები და პრეზენტაციები თბილისში და რეგიონებში. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ათეულობით ასეთი ღონისძიება, მათ შორის - საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში.

გაგრძელდა  მუშაობა მნიშვნელოვან პროექტზე - „ერთი ჩემპიონის ისტორია,"  რომელსაც ხელმძღვანელობს, ცნობილი ჟურნალისტი თამარ ბალავაძე. ეს არის დოკუმენტური ფილმების სერია ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე.  ამ სერიას შეემატა ორი ახალი ფილმი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებზე -  ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე და ლაშა ტალახაძეზე.  ჩვენს გამოცემებს შორის გამოვყოფ საყმაწვილო ოლიმპიურ ენციკლოპედიას  - „მოგზაურობა ოლიმპეთში" (ავტორი ირაკლი ლომოური), ხუთტომეულს - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის" (ავტორი პაატა ნაცვლიშვილი) და „ოლიმპიურ ორტომეულს" (ავტორი ელგუჯა ბერიშვილი). ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 

ოლიმპიზმის პოპულარიზაციას ხელ უწყობს საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად გამართული ყოველწლიური მასობრივი ღონისძიებები. ოლიმპიური დღე ფართოდ აღინიშნებოდა თბილისში და რეგიონებში, მათ შორის - იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში,  ქვემო ქართლში. გარდა სხვადასხვა დისტანციაზე რბენისა, ოლიმპიური დღის პროგრამა მოიცავდა შეჯიბრებებს სპორტის სათამაშო სახეობებში, ოლიმპიურ ვიქტორინას, საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს.  ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური ღონიძიება გაიმართა კუს ტბაზე, 2018 წლის 23 ივნისს. კუს ტბის მთელი ტერიტორია, წყლის აკვატორიის ჩათვლით, დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო და  სანახაობრივი შეჯიბრებებით, რომლებშიც მონაწილეობის საშუალება ჰქონდა ნებისმიერ მსურველს.

 იმავე დღეს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა არამარტო ქართული სპორტის, არამედ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, როცა ერთ ქვეყანაში, ერთ ჭერქვეშ შეიკრიბა ყველა თაობის ოლიმპიელი. ყველა დროის (1952-2018 წლები) ოლიმპიელთა ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, მათი ოჯახის წევრები, ოლიმპიელთა მწვრთნელები, მსაჯები, სამედიცინო პერსონალი, მოსწავლეები და სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი. საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს დაესწრნენ საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სტუმრები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.  სპეციალურად ოლიმპიელთა ფორუმისთვის   გამოიცა ილუსტრირებული, ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი კრებული - „საქართველოს ოლიმპიელები." კრებული აერთიანებს სრულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მასალას ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე.

სპონსორებთან თანამშრომლობის შესახებ

ოლიმპიური მოძრაობისთვის, ზოგადად სპორტის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სპონსორებისა და პარტნიორების მოძიება, მათთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. სეოკ-ს ამ მიმართულებით სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა და სწორედ ჩვენს პარტნიორებთან ერთად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, შესაძლებელი გახდა სპეციალური ოლიმპიური პროგრამების, საინფორმაციო და სარეკლამო-სააგიტაციო ღონისძიებების დაფინანსება, ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენების წახალისება, ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენებისა და მწვრთნელების სოციალური დაცვა, მასობრივი შეჯიბრებების, მათ შორის - საერთაშორისო ოლიმპიური გარბენების ორგანიზება.

2018 წლის დასაწყისში სეოკ-მა ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის - სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკის"  სახით საიმედო პარტნიორი შეიძინა. ბანკის ხელმძღვანელობამ მოიწონა ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტი, რომელიც შეივსო ახალი, საინტერესო ინიციატივებით. საბოლოოდ, საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის  თანახმადაც საქართველოს ბანკი გახდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ  სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.

ჩვენს გენერალურ სპონსორთან თანამშრომლობით უკვე ბევრი კარგი და საჭირო საქმე გაკეთდა, რაც ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების ოსტატობის ზრდას, ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიელების და ოლიმპიური თამაშების შესახებ საინტერესო ინფორმაციების გავრცელებას. „საქართველოს ბანკი" აქტიურად არის ჩართული მიმდინარე ოლიმპიურ პროგრამებში და გულისყურით ეკიდება ჩვენს თითოეულ შეთავაზებას.

მრავალწლიანი ისტორია აქვს სეოკ-სა და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს" შორის თანამშრომლობას, რომელსაც  საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით გრძელდება. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი."ავერსი" უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს, ვეტერან ოლიმპიელებს, თანაც ამ მომსახურების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. ჯამურად, ამ წლების განმავლობაში „ავერსმა" ოლიმპიურ მოძრაობას 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უანგარო მომსახურება გაუწია.

ასევე გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სააქციო საზოგადოება „თელიანი ველს" შორის. ჩვენი პარტნიორი კომპანია აქტიურად არის ჩართული სეოკ-ის ღონისძიებების ორგანიზებაში.

ჩვენი ინიციატივის შესახებ

ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბუნებრივი პირობები, რათა განვავითაროთ ზამთრის სპორტი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ ვიყენებთ. შესაბამისად, ზამთრის სპორტში ჩვენი შედეგები შედარებით მოკრძალებულია. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის  სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო.

ამ პროცესის გასააქტიურებლად 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარადგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

 2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა ეოკ-ების შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიზიტი ორგანიზებული იყო მაღალ დონეზე, ასევე  გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი  ფესტივალის ჩასატარებლად.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რათა ერთის მხრივ შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი - საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს ახლებურად მივუდგეთ. სწორედ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მაღალ დონეზე ჩატარება და  ჩვენი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ  საქართველო მართლაც არის ზამთრის სპორტის ქვეყანა.

სეოკ-ში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უკვე მოამზადა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარსადგენი დოკუმენტების პაკეტი. 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ვინაობა ოფიციალურად გაცხადდება  2020 წლის ნოემბერში დაგეგმილ ეოკ-ების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე.

საქართველოსთვის წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის მასპინძლობის პატივი 2015 წელს გვერგო. იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებული იქნება ჩვენი ახალი პროექტი.

სპორტში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ

დამეთანხმებით, რომ  დღეისათვის სპორტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დარგია საქართველოში, რასაც განაპირობებს ამ სფეროში ჩართული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა, ასევე, რასაკვირველია - სულ უფრო მზარდი მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების კეთილგანწყობას ქართული სპორტის მიმართ. რომ არა ჩვენი დარგის განვითარებისთვის გაღებული სოლიდური სახელმწიფო სუფსიდიები, სპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, წარმატებული სპორტსმენების, გუნდებისა და მწვრთნელების  სტიმულირებისთვის, სხვა მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გაწეული ხარჯები, ამ შედეგების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.         

ჩვენი ღრმა რწმენით, როგორც დარგი, სპორტი იმსახურებს იმას, რომ სამთავრობო იერარქიაში წარმოდგენილი იყოს, როგორც ცალკე სტრუქტურული ერთეული. თუ სპორტის სამინისტროს აღდგენა დღის წესრიგში ჯერ არ დგას და ასეთია დღევანდელი მოცემულობა, მაშინ საჭიროა ჩამოყალიბდეს უშუალოდ მთავრობას დაქვემდებარებული ცალკე უწყება, რომელიც ჩაიბარებს სპორტის მართვა-გამგებლობას. ან გაერთიანებული სამინისტროს სისტემაში სპორტი შევიდეს, როგორც ქვესაუწყებო ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებელად განახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოში.

ამის გაკეთება აუცილებელად მიგვაჩნია შემდეგი მიზეზების გამო:

ა) მოგეხსენებათ, რომ თავისი არსით და ბუნებით, სპორტი თავისთავად არის მრავალსეგმენტიანი და ფართოპროფილიანი სფერო, რომელიც სწორედ მისი სპეციფიკის, მნიშვნელობის და საზოგადოებრივი სტატუსის გათვალისწინებით, უნდა იმართებოდეს ავტონომიურად;

ბ) გაერთიანებული სამინისტროს პირობებში და ცენტრალიზებული მმართველობის დროს, როგორც წესი, სპორტის ინტერესები და საჭიროებები მეორე-მესამე პლანზე გადადის, სამინისტროს შიგნითვე იქმნება დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები, შესაბამისად-ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც საქმეს ვნებს და უკვე გვაქვს ამის არაერთი მაგალითი.

 გ) სპორტის ავტონომიური სახელმწიფო უწყების არსებობა, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს კონსოლიდირებული პასუხისმგებლობის უფრო მაღალ ხარისხს, უფლებებისა და მოვალეობების ოპტიმალურ განაწილებას, გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების, სპორტის ცალკეული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების უწყვეტობას, სახელმწიფო სახსრების ეფექტურ ხარჯვას და ამ პროცესის სისტემურ კონტროლს. ასევე გაიზრდება ანგარიშვალდებულება სპორტულ მოძრაობაში ჩართულ ცალკეულ სუბიექტებს შორის.

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ფუნქციების და მოვალეობების განაწილება  სპორტის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო მივიღოთ პრინციპული და გონივრული გადაწყვეტილება ქვეყანაში სპორტის მართვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოდერნიზაცისთვის.

ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ქვეყანაში სპორტის სტრატეგიის შემუშავების, პრიორიტეტების განსაზღვრის, ერთიანი სტანდარტების დადგენის, მასობრივი სპორტის განვითარების, ფიზიკური აღზრდისა და განათლების, ეროვნული და არაოლიმპიური სახეობების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის, სპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები სახელმწიფო სპორტულმა უწყებამ განაგოს. რაც შეეხება სპორტის ოლიმპიურ სახეობებს და მაღალი მიღწევების სპორტს, ეს სფერო მთლიანად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გამგებლობაში უნდა გადავიდეს. სწორედ ასეთია წამყვანი ევროპული ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ნორვეგია და სხვ.) გამოცდილება, ამ გზას ადგანან არა მარტო ევროპული, არამედ სხვა კონტინენტების ქვეყნები.

ჩვენი ღრმა რწმენით, ოლიმპიური კომიტეტი უნდა იქცეს დიდი სპორტის განვითარების მთავარ შტაბად, შესაბამისად, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, მანვე უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა საბოლოო შედეგებზე. ამას გვკარნახობს მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილება, ამასვე ითვალისწინებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები (მაგალითად, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში ცალკე მუხლი ეთმობა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში თანამშრომლობას, სპორტში საუკეთესო გამოცდილების გაცვლას).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მზად არის აქტიურად ჩაერთოს სპორტის შემდგომი რეფორმირების პროცესში, წარმოადგინოს ერთგვარი საგზაო რუკა, რათა უკვე დაწყებულმა ცვლილებებმა ლოგიკური განვითარება ჰპოვოს.

სესიის თარიღის შესახებ

რამდენიმე პიროვნებამ კამათის საგნად აქცია სესიის დანიშვნა 11 სექტემბერისთვის და სეოკ-ის აღმასკომის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ საკითხებს დაუკავშირა - აქამდე სესია დეკემბერში ტარდებოდა და შემოდგომაზე რა უფლებით გადმოიტანეს, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. თანაც, ამ თემაზე ის ხალხი საუბრობს, რომელთა სეოკ-ის ხელმძღვანელობაში ყოფნის პერიოდში სესია არა თუ შემოდგომაზე ჩაუტარებიათ,  წესდებაში შეიტანეს  ცვლილება და საანგარიშო-საარჩევნო სესიის თარიღად ოქტომბრის თვე დააკანონეს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა: სეოკ-ი მოქმედებს თავისი დღის წესრიგით და ამას არანაირი კავშირი არა აქვს არც საპარლამენტო არჩევნებთან და არც რაიმე სხვა პოლიტიკურ მოვლენასთან.  წლევანდელი სესია დანიშნულია სეოკ-ის წესდებისა და საერთაშორისო ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნების დაცვით; სესიის მოწვევა სრულ თანხვედრაშია სეოკ-ის წესდების მე-8 თავის 1.1. პუნქტთან ("საანგარიშო-საარჩევნო სესია მოწვეულ უნდა იქნას ოთხ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დამთავრებიდან ექვსი თვის განმავლობაში მაინც"). სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადავადდა, პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, ფაქტობრივად, ჩაიშალა წლევანდელი სპორტული სეზონი, გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებები. შესაბამისად, სეოკ-მაც გააუქმა სესიის ფარგლებში დაგეგმილი სპორტული წლის შემაჯამებელი ტრადიციული ღონისძიება - წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების და სპორტული ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალი. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა მოგვეცადა დეკემბრამდე? რას ველოდებით? რა უნდა მოხდეს ამ სამი თვის განმავლობაში? მოსახდენი ხომ უკვე მოხდა: სამყარო, მათ შორის - სპორტული სამყარო ჩვენს თვალწინ რადიკალურად შეიცვალა და ახალი დღის წესრიგით ცხოვრობს. შესაბამისად, გვიწევს ბევრი რამის გადასინჯვა და ახლებურად გააზრება. ამისკენ მოგვიწოდებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც: 2020 წლის 20 აპრილს ლოზანიდან მიღებული ცირკულარული წერილის თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადებასთან დაკავშირებით, სოკ-მა შემოგვთავაზა საანგარიშო-საარჩევნო სესიის ჩატარების ორი ვარიანტი - ან წელს,  ან გაისად, ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე. ჩვენ პირველი ვარიანტი ვარჩიეთ მარტივი მიზეზის გამო: წინა საარჩევნო სესიიდან  ოთხი წელი სწორედ ახლა იწურება და უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას მოვერიდეთ. მით უმეტეს, დანამდვილებით არავინ იცის, საერთოდ ჩატარდება თუ არა გაისად ოლიმპიური თამაშები. ტოკიო-2020-ის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ და ეს უკვე შიდა სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.

გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით დღეს არსებულ კონტროლირებად ვითარებაში უფრო მიზანშეწონილია  სესიის ჩატარება, ვიდრე ზამთრის პირობებში, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ასევე ქართველი ეპიდემიოლოგების პროგნოზით,  სეზონური ვირუსების გამო, მოსალოდნელია სიტუაციის გართულება და, შესაბამისად,  რეგულაციების გამკაცრება. და კიდევ ერთი: სექტემბერში ახალარჩეულ აღმასრულებელ კომიტეტს მეტი ლეგიტიმაცია,  დრო და საშუალება მიეცემა იმისთვის, რომ იზრუნოს მომავალი ოლიმპიური წლის ბიუჯეტისთვის, ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირებისა და უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისთვის  მზადების უკეთესი პირობების შესაქმნელად.

 სეოკ-ის წესდების ახალი რედაქციის შესახებ

ასევე პოლემიკის საგნად იქცა სეოკ-ის წესდებაში შეტანილი ბოლო ცვლილებები, კონკრეტულად კი ის მუხლი, რომელიც არეგულირებს სეოკ-ის პრეზიდენტად კანდიდატის წარდგენის წესს და პირობებს. წესდების ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტობის მსურველს უნდა ჰქონდეს სეოკ-ის წევრ ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება.

ამ ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად განისაზღვროს იმ პირთა წრე, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ უხელმძღვანელონ ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ინსტიტუციას. პირველ რიგში, პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს სეოკ-ის წევრ ორგანიზაციას, ამავე დროს ჰქონდეს შესაბამისი დამსახურება, ავტორიტეტი, გამოცდილება და კვალიფიკაცია და სწორედ ამ ნიშნით ჩაერთოს საარჩევნო პროცესში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი საწესდებო ჩანაწერის მიხედვით, ოლიმპიური მოძრაობა თავის ლიდერს  ამ მოძრაობის წევრების რიგებიდან აირჩევს. ამით ერთგვარად იზღუდება სამთავრობო, პოლიტიკური, ეკონომიკური  და სხვა გარეშე ჯგუფების არასასურველი გავლენა ოლიმპიურ მოძრაობაზე. ამავე დროს, გარკვეული თვალსაზრისით ეს არის ოლიმპიური ქარტიით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებაც, რომელიც ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს აკისრიათ სოკ-ის წინაშე. ოლიმპიურ ქარტიაში ნათქვამია, რომ „ეოკ-ებმა უნდა დაიცვან  საკუთარი ავტონომია და წინ აღუდგნენ  ნებისმიერ  ზეწოლას." 

შემთხვევითი არ არის, რომ  პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის  სხავადასხვა სახის შეზღუდვები დაწესებულია  არაერთი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდებაში. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევის წესი, რომლის თანახმადაც სესია პრეზიდენტს ირჩევს მხოლოდ თავისი წევრებისგან (ოლიმპიური ქარტია. მე-2 თავი, მე-20 მუხლი, 1-ლი პუნქტი). ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, სოკ-ის წევრთა მთლიანი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 115-ს. სწორედ სოკ-ის ამ 115 წევრს და სხვას არავის არა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში. ასეთია მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის მმართველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესი.  ჩვენს შემთხვევაში, სეოკ-ის წესდების ახალი რედაქციით, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს 250-მდე პირი, რომლებიც შესაბამის პოზიციებზე მუშაობენ სეოკ-ის წევრ ორგანიზაციებში.

აქვე მოგაწვდით ინფორმაციას თავად საწესდებო ცვლილებების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.  შარშან, ზაფხულში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შემუშავდა სეოკ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი  2019 წლის 18 დეკემბერს გამართულმა საანგარიშო სესიამ 104 დელეგატის შემადგენლობით. რეგლამენტის თანახმად, წესდების ახალი რედაქცია გადაეგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, იქიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით კი, წესდების შეთანხმებული რედაქცია რატიფიცირებულ იქნა სეოკ-ის წევრების მიერ 2020 წლის 4 თებერვალს. საბოლოოდ, 2020 წლის 25 მარტს სოკ-მა ოფიციალური წერილით დაგვიდასტურა, რომ „ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განახლებული წესდება."

ამ ცვლილებების განხორციელების თითოეულ ეტაპზე, აღმასკომის სხდომიდან დაწყებული, საანგარიშო სესიაზე წარდგენით და კენჭისყრით დამთავრებული, დაცული იყო ყველა წესი და რიგი;  არავის - აღმასკომის არც ერთ წევრს და სესიის არც ერთ დელეგატს არ გამოუთქვამს  რაიმე შენიშვნა ან წინადადება შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი; საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მისი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს, პირადი შეხვედრებისას თუ ოფიციალური მიმოწერის დროს კითხვაც კი არ დაუსვამთ წესდების ახალი რედაქციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლითაც რეგულირდება  პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის პირობები (განსხვავებით რამდენიმე შესწორებისა, რომლებიც ეხებოდა აღმასკომისა და სესიის უფლებამოსილებების გამიჯვნას).

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე  სრული კონსენსუსი შედგა.

 

ლერი ხაბელოვი,

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.