IOC უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად არის მომართული

09 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC-ში იმედოვნებენ, რომ 2021 წელს იაპონიაში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას შეძლებენ.

„შემდგომი რამდენიმე კვირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონიაძიებების თაობაზე აქტიური დისკუსიებს დაეთმობა. ჩვენ კვლავინდებურად მომართული ვართ, რომ მომავალ წელს უსაფრთხო და წარმატებული თამაშები ჩავატაროთ. ეს განხილვები მეტად მნიშვნელოვანი იქნება. ის იაპონელ პარტნიორებთან და მეგობრებთან, ჩვენს საკოორდინაციო კომისიასთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება, - IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა თომას ბახმა და ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თამაშების ჩასატარებლად სხვადასხვა სცენარს განიხილავს, - ვითარება ყოველდღიურად იცვლება, რაც ჩვენს გეგმებზე გავლენას ახდენს. სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოემზადოს. არავინ იცის, რა მდგომარეობა იქნება მომავალ წელს. ეს ასე მარტივი არ არის, მაგრამ სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც განვიხილავთ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ოპერატიული ტესტირების საკითხებზე, ვაქცინაციაზე.  ჯერ მეტად ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება საბოლოო სცენარი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია, ის არის, რომ თამაშები ყველასთვის უსაფრთხო იქნება."

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.