ტოკიო-2020-ის უსაფრთხოდ ჩასატარებალად სამმხრივი კომისია იზრუნებს

09 სექტემბერი 2020

სამმხრივმა კომისიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის ეფექტურად შეკავების გეგმა უნდა შეიმუშაოს, პირველი სხდომა ჩაატარა. მის შემადგენლობაში შევიდნენ საორგანიზაციო კომიტეტის, იაპონიის და ტოკიოს მთავრობის წარმომადგენლები.

კომისიის ხელმძღვანელის, კაზუჰირო სუგიტას თქმით, იგეგმება რიგი ზომების მიღება, რათა გულშემატკივრებს და ათლეტებს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შიში არ ჰქონდეთ და უსაფრთხო თამაშებით ისიამოვნონ.

პირველ სხდომას ესწრებოდნენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ტოშირო მუტო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  გენერალური მდივანი ცუიოში ფუკუი,  პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი იუნიჩი კავაი, დედაქალაქის ვიცე-გუბერნატორი ტარაო მიცუჩიკა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები.

„კორონავირუსთან ბრძოლა პირველხარისხოვანია უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის, - აღნიშნა  ტოშირო მუტომ, - იმედია, ჩვენი მუშაობის წყალობით შევძლებთ ასპარეზობების დღეებში  სპორტსმენებს უსაფრთხოების განცდა შევძინოთ."

ტოკიო-2020-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიდგომის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის არსებობა თამაშების ჩასატარებლად აუცილებელი პირობა არ არის.

სამმხრივი კომისიის წევრები კიდევ ოთხ სხდომას გამართავენ და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.