იაპონიაში შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავენ

16 სექტემბერი 2020

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე  უცხოელ ათლეტებს იაპონიაში შესვლის უფლება მიეცემათ. ქვეყნის ხელისუფლების აზრით, ამგვარი ნაბიჯი ადგილობრივ სპორტსმენებს ასპარეზობებისთვის ნაყოფიერად მომზადების საშუალებას მისცემს, სახელმწიფო ორგანოებს კი უცხოელ სტუმართა ტესტირების მექანიზმის შემუშავებაში დაეხმარება.

პირველ ყოვლისა, უცხოელი ლეგიონერები დაუბრუნდებიან იაპონიის კალათბურთის და ფრენბურთის ლიგებს, ეს კი შეიძლება ოქტომბერში, ახალი სეზონის დასაწყისისთვის მოხდეს. გარდა ამისა, უცხოელებს კვლავაც შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ კალათბურთის, ბეისბოლის, მაგიდის ჩოგბურთის, რაგბის და გოლფის ეროვნულ ჩემპიონატებში.

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებზე პასუხისმგებელნი იქნებიან უშუალოდ შეჯიბრებათა ორგანიზატორები.

იაპონიის მთავრობას და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს არსებული შეზღუდვის მოხსნით სურთ ოლიმპიურ თამაშებამდე შეაფასონ საემიგრაციო კონტროლის პროცედურების ეფექტურობა.

დღეისთვის იაპონიაში შესვლა ეკრძალებათ 146 ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ საგანგებოდ თამაშებისთვის შეზღუდვები შერბილდება ან გაუქმდება. გარდა ამისა, იაპონიის ხელისუფლება სპორტულ არენებზე მაყურებელთა დაშვების შეზღუდვის შემსუბუქებასაც გეგმავს. მოსალოდნელია, რომ არენებზე ერთდროულად 20 ათასი მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი. დღეს არსებული შეზღუდვით, სტადიონებზე არაუმეტეს 5 ათასი გულშემატკივარი დაიშვება. ასევე განიხილება ტრიბუნების 50 პროცენტით შევსების შესაძლებლობაც. ეს იმ შემთხვევაში, არენის ტევადობა 20 ათასზე ნაკლებია.

კორონავირუსის შეკავების ეფექტური საშუალებების შემუშავებაზე იზრუნებს სამმხრივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, იაპონიის და ტოკიოს მთავრობის წარმომადგენლები.