თომას ბახი იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ემზადება

18 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი  იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ იოსიჰიდე სუგასთან შესახვედრად შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს ტოკიოს ეწვიოს. იქამდე კი, ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის, იოშიჰირო მორის ცნობით, ბახსა და სუგას შორის 23 სექტემბერს ერთგვარი გაცნობითი სატელეფონო კონფერენცია შედგება.

„პრეზიდენტმა ბახმა თქვა, რომ მომავალი თვის ბოლოს იაპონიაში გამგზავრება სურს, რათა უშუალოდ მიესალმოს ახალ პრემიერ-მინისტრს," - განმარტავს იოშიჰირო მორი.

თავის მხრივ თომას ბახი იაპონიის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს სუგას, რომელმაც ჯანმრთელობის გდგომარეობის გამო თანამდებობიდან წასული სინძო აბე შეცვალა: „იოსიჰიდე სუგას იაპონიის პრემიერ-მინისტრად არჩევას ვულოცავ. ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, როგორც პირადად მას, ისე იაპონელ ხალხს. ამავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო იოსიჰიდე სუგას იმ ვალდებულებისთვის, რომელიც მან გაისად უსაფრთხო და წარმატებული ტოკიოს თამაშების ჩასატარებლად აიღო. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის პირადი მხარდაჭერით, ოლიმპიური თამაშები იქნება სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს, სადაც კაცობრიობა დღეს იმყოფება. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს იმედის და ურყეობის ძლიერ სიგნალს გაუგზავნის. IOC იაპონიიას მხარში დაუდგება ამ გზის თითოეულ ეტაპზე."

COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.

30 მარტს ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები შეათანხმეს. ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.