ტოკიო-2020 და IOC ოლიმპიური თამაშების გამარტივების საკითხებს შეათანხმებენ

19 სექტემბერი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი(IOC) უახლოეს დღეებში თამაშების გადავადებით მნიშვნელოვნად გაზრდილი ხარჯების ოპტიმიზაციაზე იმსჯელებენ და ღონისძიების გამარტივებისკენ მიმართულ 60-მდე  სკითხს შეათანხმებენ.

მოსალოდნელია, რომ შემცირდება თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების და ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად საჭირო ხარჯები. ამასთან, სპორტსმენების და მაყურებლების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავი იქნება.

„ყველა პუნქტის შეთანხმების შემდეგ, საბოლოო ზუსტი ციფრების უმალ დასახელებას ვერ შევძლებთ, რადგან კორექტირებული ბიუჯეტის დასათვლელად დრო დაგვჭირდება,"- აღნიშნავს ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტოშირო მუტო.

აღმასრულებელი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ტრიბუნებზე მაყურებელთა დაშვების გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე არ განიხილავენ. დღესდღეობით თამაშების დაგეგმარება ტრიბუნებზე მაყურებელთა დასწრების გათვალისწინებით მიმდინარეობს, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ადრეული განცხადებით, თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარებაც არ გამოირიცხება.