UWW ეროვნულ ფედერაციებს კითხვარებს დაუგზავნის

22 სექტემბერი 2020

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ბიუროს სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, კარდინალური გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. კვლავინდებურად გრძელდება დიდებში და იუნიორებში დეკემბერში ჩასატარებელი ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მზადება.  

აღსანიშნავია, რომ ადრე გაუქმდა ყველა კონტინენტური შეჯიბრება, ასევე ჭაბუკთა და 23-წლამდელთა პირველობები.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების აღმასრულებელი საბჭოს შემდეგი სხდომა 5 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ჭრილში კვლავ შეფასდება კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა. ამასთან, კვირის განმავლობაში ყველა ეროვნულ ფედერაციას დაეგზავნება კითხვარი, რამაც უნდა გამოკვეთოს ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ მათი იტერესი.  UWW-ის წევრებისთვის დასმული იქნება კითხვა, რა შემთხვევაში გააგზავნიან მოჭიდავეებს სერბეთის დედაქალაქში.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავდაპირველად ოსლოს უნდა ემასპინძლა, მაგრამ პანდემიის გამო განხორციელებული ცვლილებების და სპორტული კალენდრის რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ორივე ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბელგრადს გადაეცა.

გარდა ამისა, დამტკიცდა პოლონეთში 2021 წელს გასამართი სარეიტინგო სერიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფალავნებს, რომლებიც პოლონეთში იასპარეზებენ, საშუალება ექნებათ ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები გამოიმუშაონ.