თომას ბახი: „ოლიმპიური თამაშები ერთადერთია, რაც მსოფლიოს აერთიანებს"

22 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა გაეროს მიერ დაწესებული მსოფლიოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები ეს არის ერთადერთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს.

თომას ბახმა თავის ვიდეომიმართვაში აქცენტი გააკეთა სპორტის გამაერთიანებელ ძალაზე, რომელიც მშვიდობას უწყობს ხელს და აერთიანებს ადამიანებს.

„ოლიმპიური თამაშები დღეს ერთადერთი მოვლენაა ჩვენს სამყაროში, რომელიც მართლაც აერთიანებს მთელ მსოფლიოს. ათლეტები ჩადიან თამაშებზე, პატივს სცემენ საერთო წესებს, ყველა თანასწორია ყოველგვარი დისკრიმინაციული გამოვლინების გარეშე," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა.

ბახის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები იმედის შუქურაა.

„პოსტკორონავირუსული მსოფლიო ძალზე განსხვავდება იმისგან, სადაც ცხოვრებას ვართ მიჩვეული. იმედია, ამ კრიზისიდან გაკვეთილი ყველამ გამოიტანა. ჩვენ ყველას მეტი სოლიდარობა გვჭირდება, როგორც საზოგადოების შიგნით, ისე საზოგადოებებს შორის. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავუმკლავდეთ კრიზისს, ახალს კი წინ აღვუდგეთ. 2021 წლისთვის გადაავდებული ტოკიოს 2020-ის ოლიმპიური თამაშები იქნება იმედის, მშვიდობის და კაცობრიობის ერთიანობის გზავნილი."

თომას ბახმა ვიდეო მიმართვისას გაიხსენა უახლესი ისტორია, როდესაც სპორტი მშვიდობის სიმბოლო იყო: 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კორეის გაერთიანებული გუნდით გამოსვლა, ასევე IOC-ის დევნილთა გუნდის შექმნა, რომელიც პირველად რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგა.