თომას ბახის თქმით, კორონავირუსის პირობებში IOC მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარს განიხილავს

23 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად IOC განიხილავს მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარს.

„მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის, რომელსაც შეიძლება შევეჯახოთ მომავალი წლის ივლისში ან აგვისტოში არა მარტო მსოფლიოში, არამედ იაპონიაშიც. ზუსტად ვერ ვიტყვით, გაისად როგორი იქნება მსოფლიო, ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის. ეს ის არის, რასაც ჩვენს იაპონელ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ. იგივე ხდება პეკინი-2022-ის მიმართ," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის კვლავაც უცნობია, შეძლებს თუ არა მსოფლიო ვირუსის დამარცხებას, რადგან ვითარება დამოკიდებული იქნება არა მარტო მასპინძელ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, არამედ სხვა ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მდგომარეობაზეც.

„უნდა შევხედოთ, შეძლებენ თუ არა ათლეტები მომზადებას, შეძლებენ თუ არა მოგზაურობას, იქნებიან თუ არა დარწმუნებული, რომ უსაფრთხო გარემოში ჩადიან. ჩვენ როგორც ტოკიოს, ისე პეკინთან მიმართებით, ერთი მთავარი პრინციპის ერთგულები ვრჩებით - ოლიმპიური თამაშები გთავაზობთ გარემოს, რომელიც უსაფრთხო იქნება ყველა მონაწილისთვის," - დასძენს თომას ბახი.