თომას ბახს სეულის მშვიდობის პრემია გადაეცემა

29 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი 2020 წლის სეულის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

IOC-ის პრეზიდენტმა საპატიო ჯილდო მიიღო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაწეული დახმარებისთვის, დევნილთა გუნდის შექმნისთვის და სპორტის მეშვეობით ქვეყნებს შორის, კერძოდ კი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მშვიდობის დამყარებაში ხელშეწყობისთვის, ასევე პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებისთვის.

„ეს დიდი პატივია და მინდა მადლობა გადავუხადო სეულის მშვიდობის პრემიის კულტურის ფონდს. ეს ჯილდო ეკუთვნის მთლიანად ოლიმპიურ მოძრაობას, სხვაგვარად ჩვენ ვერასდროს მივაღწევდით დასახულ მიზნებს. პრემია დამატებით სტიმულს შეგვძენს სპორტის მეშვეობით მშვიდობის დასამყარებლად და ჩვენი შემდგომი წამოწყებების განმტკიცებაში," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტს სეულის პრემია წლის ბოლომდე კორეის დედაქალაქში გადაეცემა. თომას ბახი ჯილდოს მე-15 ლაურეატია. აღსანიშნავია, რომ 30 წლის წინ პირველი ჯილდოს მფლობელი გახდა IOC-ის მეშვიდე პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი.

სეულის მშვიდობის პრემიის ფონდი, რომლის უმთავრესი ამოცანაც კორეის ნახევარკუნძულზე და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობაა, ლაურეატებს ორ წელიწადში ერთხელ ავლენს. ჯილდოს პოტენციურ მფლობელთა შერჩევაში სამხრეთ კორეის 500 მოქალაქე და 800 უცხოელი მონაწილეობს.