იაპონია საოლიმპიადოდ ტურისტებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

06 ოქტომბერი 2020

იაპონიის მთავრობა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პერიოდში უცხოელი ტურისტებისთვის იაპონიაში შესვლის აკრძალვის გაუქმების გზებს განიხილავს.

დღეისათვის, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად იაპონიაში შესვლა 159 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენლებს ეკრძალებთ. აკრძალვები შედარებით შემსუბუქებულია მათთვის, ვინც ქვეყანას ბიზნეს საქმიანობისთვის სტუმრობს, მაგრამ იაპონიის მთავრობაში ასევე იმედოვნებენ, რომ ტურისტებს ქვეყანაში შესვლა ერთი წლით გადავადებულ ტოკიოს-2020-ის თამაშებზე შეეძლებათ.

ქვეყნის მთავრობა გეგმავს უცხოელ ტურისტებს მიმართოს თხოვნით, იაპონიის ვიზის მიღების შემდეგ, გაააქტიურონ ერთგვარი ჯანმრთელობის აპლიკაცია. ტურისტებმა ქვეყანაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია აპლიკაციის დახმარებით უნდა განათავსონ, ამასთან, ისინი ვალდებულნი იქნებიან წარმოადგინონ იმის მტკიცებულება, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე COVID-19-ზე ტესტირებისას უარყოფითი პასუხი აქვთ. ასევე დაინფიცირების შემთხვევისთვის მათ უნდა გააჩნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა.

უცხოელებს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე დასწრება შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ იაპონიაში შესვლამდე ტესტებზე უარყოფითი შედეგები ექნებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თვითიზოლაციაში ყოფნა არ მოუწევთ.

ასევე ცნობილია, რომ იაპონიის მთავრობა ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს შეუმსუბუქებს ათლეტებს, რომლებსაც იაპონიაში ვარჯიში სურთ.