ტოკიო-2020 გამარტივებული ფორმატით 280 მილიონს დაზოგავს

08 ოქტომბერი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) ასპარეზობათა ჩატარების გამარტივებული ფორმატის გეგმა წარუდგინა, რომლის თანახმადაც დაახლოებით 280 მილიონი აშშ დოლარის ეკონომია იქნება შესაძლებელი.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივნის ტოშირო მუტოს თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ იაპონიის დედაქალაქი პოსტოკორონავირუსულ ეპოქაში სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების მაგალითი გახდება.

ახალი გეგმა 50 პუნქტისგან შედგება. საუბარია თამაშებზე ოფიციალურ პირთა დასწრების 10-15 პროცენტით შეზღუდვაზე (რაც თავის მხრივ ნიშნავს მომსახურებაზე ნაკლები ფულის დახარჯვას), სპორტული ობიექტების  განათების, მოწყობის, დეკორაციის და სხვა ხარჯების შემცირებაზე. XXXII თამაშების მასპინძლები ასევე უარს ამბობენ ოლიმპურ სოფელში დელეგაციათა ერთგვარ მისასალმებელ აღლუმებზე და სხვა ღონისძიებებზე.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოსირო მორის განცხადებით, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო მთავარი მრჩეველი გახდება.