IOC-ის პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადად 30 ნოემბერი განისაზღვრა

08 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საპრეზიდენტო არჩევნები გაისად ათენის IOC-ის 137-ე სესიაზე -10-12 მარტს გაიმართება. პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერს იწურება.

IOC-ის მეცხრე პრეზიდენტი თომას ბახი მეორე ვადით არჩევისთვის საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. თომას ბახმა პრეზიდენტობის ხელმეორე ვადით არჩევის სურვილი ივლისში ვირტუალური სესიისას დაადასტურა და სავარაუდოდ ერთადერთი კანდიდატი იქნება. ოლიმპიური ქარტიით დადგენილია, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლება აქვთ მხოლოდ IOC-ის წევრებს.

IOC-ის აღმასრულებელისაბჭო ასევე ადასტურებს, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ფორმალურად შეუდგება თავის საქმიანობას 9 აგვისტოს - ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დახურვის მეორე დღეს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ტოკიოშივე ივლისში გაიმართება IOC-ის 138-ე სესია, რომლის ფარგლებშიც IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს (EB) არჩევნები ჩატარდება.

გერმანელი თომას ბახი IOC-ის წევრი 37 წლისა გახდა და ორგანიზაციაში არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, მათ შორის 11 წელი იყო IOC-ის ვიცე-პრეზიდენტი, 2013 წლიდან კი მეცხრე პრეზიდენტია.

ბახმა IOC-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბელგიელი ჟაკ როგე ბუენოს აირესის სესიაზე შეცვალა.