ვებინარი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის

12 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა (IOC) და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის  ინიციატივით ჩატარდა ვებინარი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის.

ონლაინ შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმნენ ტოკიო 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი  იოშირო მორი  და  IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  ოლიმპიური მოძრაობის ერთიანობა და ეოკ-ების სოლიდარობა, ტოკიოს მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის ერთიანი ძალისხმევა გვაძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ მომავალი წლის ოლიმპიადა წარმატებით ჩატარდება.

ვებინარზე ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს თამაშებისთვის  მზადებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის - მგზავრობა, აკრედიტაცია, დაბინავება, კვება, სამედიცინო მომსახურება, სპორტული განაცხადები, მაღალი რანგის სტუმრების მიღება,  ცერემონიები და სხვა. ითქვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველაფერი კეთდება თამაშებში მონაწილეთა და ოლიმპიადის სტუმართა უსაფრთხოებისთვის, საოლიმპიადო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ახლა მიმდინარეობს მუშაობა პროცედურულ საკითხებზე და სპეციალურ რეგულაციებზე, რომლის საბოლოო, შეჯერებული ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ბოლოსთვის.

ვებინარში მონაწილე ეოკ-ების წარმომადგენლებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების განახლების ზუსტი თარიღები, ამ მიმართულებით არსებული სიახლეები. როგორც ვებინარზე აღინიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხი, რომლის მოგვარებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას  ხელს უშლის მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამ ეტაპზე ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტისა და IOC-ის შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოგვიანებით მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს როდის, სად და რა პირობებში გაიმართება სალიცენზიო შეჯიბრებები. ცნობილია, რომ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა გამოვლენის პროცესი 2021 წლის 29 ივნისს უნდა დასრულდეს.

სეოკ-ის მხრიდან ვებინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს შორის 30 ოქტომბერს მოეწყობა ვიდეო-შეხვედრა, რომლის დროსაც უშუალოდ საქართველოს დელეგაციის მზადებისა და თამაშებში მონაწილეობის საკითხები იქნება განხილული.